Tuesday, April 10, 2012


  სამოქალაქო ომი საქართველოში
  20 წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელსაც ზოგი თბილისის ომს უწოდებს, ზოგიც სამოქალაქო დაპირისპირებას, ბევრის აზრით კი ეს სულაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო. ზუსტად 20 წლის წინათ, - 1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, რომელსაც ასეულობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყოველივე ამან კი ნაწილობრივ განაპირობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვა. დიახ, საქართველო ყოველთვის მარცხდებოდა, როდესაც გათიშული იყო, როცა განუკითხაობა და უსამართლობა ისადგურებდა ქვეყანაში. რასაკვირველია, ეს ყოველივე ჩრდილოელი მეზობლისთვის იყო მომგებიანი. რუსეთი აქტიურად უწყობდა ხელს ამგვარი სიტუაციის შექმნას ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში მაშინ მოვლენები იმგვარად რომ განვითარდა, ბრალი ხელისუფლებასაც მიუძღოდა და ოპოზიციასაც.
არადა, იმის მაგივრად, რომ ერთად გადაეწყვიტათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (ისე, როგორც ბალტიისპირეთში), სამწუხაროდ, ერთმანეთს დაერივნენ და დამარცხდნენ. გამარჯვებული კი რუსეთი დარჩა, რომელიც, სხვათა შორის, ახლაც ოცნებობს, რომ როგორმე გაიმეოროს გასული საუკუნის 90-იანი წლების სცენარი ანუ ისევ გააჩაღოს ქართველებს შორის სამოქალაქო დაპირისპირება და თბილისში მარიონეტული ხელისუფლება დასვას. ბევრი თვლის, რომ ამგვარი რამ არ განმეორდება, რადგან ჯერ ერთი, თავად ხელისუფლებას უპყრია მტკიცე მართვის სადავეები და მეორეც - მეხუთე კოლონა ანუ აგენტურა არც ისე ძლიერია. თუმცა, ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს და ყოფილი ხელისუფლების საბედისწერო შეცდომები გაითვალისწინოს.
რამ განაპირობა სახელმწიფო გადატრიალება?
როგორც აღვნიშნეთ, ოცი წელი სრულდება, რაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა. სანამ ამის შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე ცალსახად უნდა ითქვას, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მაგალითად, 1991 წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე, სადაც მოსახლეობის 97 პროცენტზე მეტმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, ეს პირველი რეფერენდუმი იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ხოლო იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოსდამოუკიდებლობა გამოაცხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო გადატრიალება დსთ-ს შექმნას უკავშირდება. თავიდათავი ისაა, რომ როდესაც 1991 წლის 21 დეკემბერს ყაზახეთში დსთ-ს პირველი სამიტი გაიმართა, მაშინ ამ გაერთიანებაში 11 სახელმწიფო გაწევრიანდა, საქართველო კი რჩებოდა ამ ორგანიზაციის მიღმა, ანუ ჩვენი ქვეყანა ჩამოშორებული იყო რუსულ ორბიტას, რაც რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. ამ სამიტზე ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით წარსდგა და თანაც, რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. თუმცა, რუსეთს სულ სხვა გეგმები ჰქონდა საქართველოს მიმართ. კერძოდ, კრემლმა კატეგორიულად მოსთხოვა თბილისს დსთ-ში გაერთიანება, რაზეც ქართული მხარე არ დათანხმდა. ამიტომაც, 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო ე. წ. სახალხო აჯანყება, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება, რაც საბოლოოდ საქართველოს კრახით დასრულდა. ზემოაღნიშნულ მოვლენებს მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე ასე იგონებს: ,,1991-92 წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ''.
კრემლის შურისძიება
სანამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა, მანამდე კრემლმა, ჯერ კიდევ აგვისტოში აამოქმედა აგენტურა. ჯერ რადიკალებმა მშვიდობიანი გზით სცადეს გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ, რადგან მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. ამიტომაც კრემლმა სხვა გეგმა შეიმუშავა, ანუ თავად მთავრობაში შეიტანა განხეთქილება. როგორც ცნობილია, მაშინდელი ხელისუფლების კრიზისი დაიწყო აგვისტოს ბოლოს, - ქვეყნის პრეზიდენტს განუდგა მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ეროვნული გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი. მათ, რუსეთის ხელშეწყობით, შეძლეს კანონიერი ხელისუფლების დამხობა. თუმცა, თავად ,,პუტჩისტები'' ყოველივე ამას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ 1992 წლის იანვრის მოვლენები სახალხო აჯანყებაში გადაიზარდაო. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში უმნიშვნელოვანესი როლი რუსეთმა შეასრულა, თუმცა თავად ხელისუფლებამაც დაუშვა საბედისწერო შეცდომები, რამაც განაპირობა მათი წასვლა ხელისუფლებიდან. არადა, თავის დროზე ზვიად გამსახურდია ხომ უპირობოდ ენდობოდა მაშინდელ ჩინოვნიკებს, თუნდაც ეროვნული გვარდიის სარდალსა და პარემიერ-მინისტრს, რომლებმაც ნაწილობრივ განაპირობეს კიდევაც გამსახურდიას ჩამოშორება მმართველობიდან.
სახელმწიფო გადატრიალების შედეგებისახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელში აიღო ,,სამხედრო საბჭომ'', რომელიც ორი გამარჯვებული სამხედრო შენაერთის ლიდერის - თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანისგან შედგებოდა. მათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დააბრუნეს თენგიზ სიგუა. თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში ელემენტარული წესრიგის დამყარება. ამიტომაც მათ 1992 წლის მარტში მოსკოვიდან მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც შეძლებისამებრ დაარეგულირა ქვეყანაში მდგომარეობა. თუმცა, მას სეპარატისტულ რეჟიმებთან საერთო ენის გამოძებნა გაუძნელდა, რადგან ეს თავად რუსეთს არ აძლევდა ხელს. სანამ შევარდნაძე საქართველოში სიტუაციას გამოასწორებდა, მანამდე სახელმწიფოში საბედისწერო მოვლენები განვითარდა. მაგალითად, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რაც ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობდა. ამიტომსაქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ, შესულიყვნენ აფხაზეთში და ამ რეგიონში საქართველოს იურისდიქცია დაეცვათ, მაგრამ ამას მოჰყვა ომი, რომელიც 13 თვე მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. ამ ომში აქტიურად მონაწილეობდა რუსეთი, რომელმაც კიდევაც გადაწყვიტა აფხაზეთის ომის ბედი. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდია სოხუმის ომამდე ჩამოვიდა ზუგდიდში და მოსახლეობას მოუწოდა ერთიანი ძალით ებრძოლათ აფხაზეთის გადარჩენისთვის.
პირველ ეტაპზე გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა დაეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებმა ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადეს აფხაზეთში. თუმცა შემდეგ მათ შორის ისევ განხეთქილება წარმოიშვა. რასაკვირველია, ამ ტრაგედიის ორივე მხარე დაპირისპირებას ერთმანეთს აბრალებდა. ამის მერე, როგორც ვიცით, გამსახურდიას მომხრე გვარდიელებმა სამეგრელო და იმერეთის ნაწილი დაიკავეს და თბილისის დასალაშქრად ემზადებოდნენ. თავის მხრივ, მთავრობის შეიარაღებული ძალები მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ამიტომაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ,,მისიის'' შესრულება ადმირალ ბალტინს ერგო წილად, რომელმაც გამსახურდიას მომხრეთა წინსვლა შეაჩერა და როგორც ცნობილია, სენაკი და სხვა დასახლებული პუნქტები გვარიანად მიასწორ-მოასწორა. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ საბოლოოდ დაამარცხა გამსახურდიას მომხრენი და დასავლეთ საქართველოზე კონტროლიც დაამყარა. თუმცა, რუსეთის ამ ,,დახმარებას'' უკვალოდ არ ჩაუვლია, - საქართველო დსთ-ში გაერთიანდა და ამავდროულად, კაბალურ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. ეს მოხდა 1993 წელს. სხვათა შორის, სახელმწიფო გადატრიალება სწორედ დსთ-ს შექმნას უკავშირდება.
დიახ, ასეთი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი უსიამო ფურცელი, რომელიც დაუფიქრებლად არ გადაიშლება, მით უმეტეს, როცა რუსეთი ახლაც ესწრაფვის 1991-92 წლების სცენარის გამეორებას, ამიტომაც მართებს ხელისუფლებას გონიერება, რათა მტრულ ძალებს არ მისცეს ქაოსური მდგომარეობის შექმნის შესაძლებლობა.

No comments:

Post a Comment